geo eng

სახელი : კოლექციების ისტორია

აღწერა :

მულტიკულტურულ საქართველოში ებრაული დიასპორა ერთ-ერთი უძველესთაგანია და ძვ. წ. VI ს. ებრაელთა პირველ მიგრაციასა და მათ მცხეთაში დასახლებას უკავშირდება. XI საუკუნის ქართული წერილობითი წყაროების თანახმად, ებრაელები საქართველოში ბაბილონელი მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ (ძვ.წ. 586 წელს) სოლომონის პირველი ტაძრის დანგრევის და იერუსალიმიდან ებრაელთა განდევნის შემდეგ გამოჩნდნენ და ქართლში დასახლდნენ.

ებრაელები უძველესი რელიგიის, ისტორიისა და კულტურის მქონე ხალხია. მიუხედავად იმ დევნისა, რასაც ისინი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანებში განიცდიდნენ, მათ არათუ შეინარჩუნეს თვითმყოფადობა, არამედ განავითარეს თავისი კულტურა. ამასთანავე, ებრაელები ბრწყინვალედ ახერხებდნენ ადგილობრივ ტრადიციებთან ადაპტაციასა და სინთეზს. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია საქართველოში მცხოვრებ ებრაელთათვის. საქართველო იმ იშვიათ გამონაკლის ქვეყანას წარმოადგენს, სადაც ისტორიულად ებრაელების მიმართ ყოველთვის კეთილ და მეგობრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ებრაელებს, ჰქონდათ თავისი რელიგია, მაგრამ საუბრობდნენ ქართულად, არ ჰქონდათ განსხვავებული დიალექტიც კი, თითქმის არ გამოირჩეოდნენ ჩაცმულობით, არასოდეს უცხოვრიათ გეტოში. ამ ასიმილაციის მიუხედავად, ქართველმა ებრაელობამ საუკუნეების მანძილზე სათუთად შემოინახეს თავისი რელიგია და ტრადიციები.

საქართველოში ებრაული დიასპორის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მიუხედავად,მე-20 საუკუნემდე არ ყოფილა მისი ისტორიული, თუ კულტურული კვლევის პრეცენდენტი. ამას მეცნიერული საფუძველი ჩაუყარა 1933 წელს თბილისში საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებამ. Mმუზეუმი თავდაპირველად მდებარეობდა 1 მაისის (ამჟამად გ. აბესაძის) ქუჩაზე არსებულ ებრაელთა კულტბაზის შენობაში (ახლანდელისამეფო უბნის თეატრი), ხოლო 1940 წლიდან - ივანიძის (ამჟამად ანტონ კათოლიკოსის) ქუჩაზე მდებარე ძველი სინაგოგის გუმბათიან შენობაში.

მუზეუმი თბილისელ და ლენინგრადელ მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ებრაელი საზოგადოების მხარდაჭერით დაარსდა. მუზეუმის პირველი დირექტორი იყო ა. კულიჯანოვი, 1935 წლიდან — არონ კრიხელი, ხოლო 1948 წლიდან — ილია პაპისმედოვი. მუზეუმის კოლექცია სამი წლის მანძილზე, 1933-1936 წლებში მოწყობილი რეგიონალური სამეცნიერო-ეთნოგრაფიული ექსპედიციების საფუძველზე შეგროვდა. ექსპედიციაში მონაწილე, საგანგებოდ მოწვეული ქართველი მხატვრები ადგილზე აკეთებდნენ ებრაელთა ტიპაჟებისა და მათი ცხოვრების ამსახველი დეტალების ესკიზებს და შემდეგ უკვე მუზეუმში ჩამოტანილი ნივთების საფუძველზე ქმნიდნენ ებრაული ყოფისა, თუ რელიგიურ-რიტუალური შინაარსის სურათებს.

1937 წელს მოეწყო ექსპოზიცია საქართველოს ებრაელთა ძველი და ახალი ყოფა და დასაბამი ჩაეყარა მუზეუმის ძირითად ფუნქციას  დამთვალიერებლების მიღებას. მუზეუმის კოლექცია მრავალმხრივად წარმოაჩენდა ქართველ ებრაელთა კულტურასა და ყოფას (ექსპონირებული იყო ეთნოგრაფიული, რელიგიური, რიტუალური, ყოფითი დანიშნულების ნივთები, ხელნაწერები, კოსტიუმები, აქსესუარები, ამულეტები, ფოტოები).

სახვითი ხელოვნების კოლექციაში სხვადასხვა ავტორთა ას სამოცდაათამდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარია. ამ კოლექციის ძირითად ნაწილს წარმოადგენს თვითნასწავლი ებრაელი მხატვრის - შალომ კობოშვილისა (1876-1941) და ქართველი ფერმწერის - დავით გველესიანის (1890-1949) ნამუშევრები, რომლებშიც ყველაზე საინტერესოდ და ხატოვნად აისახა ქართველ ებრაელთა ცხოვრება.

1951 წელს მუზეუმი დაიხურა, როგორც სიონიზმის კერა და 1953 წელს სინაგოგის შენობის კონფისკაციის შემდეგ, კოლექციბი სხვადასხვა მუზეუმებში გადანაწილდა (ამჟამინდელ საქართველოს ეროვნულ მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), სადაც ეს ექსპონატები დღემდეა დაცული.

არსებობის 80 წლის მანძილზე ებრაული მუზეუმის მუდმივმა ექსპოზიციამ ფუნქციონირება მხოლოდ 15 წელი შეძლო. ათწლეულების მანძილზე ეს უნიკალური კოლექცია საცავებში ინახებოდა და უცნობი იყო არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისთვის, არამედ სპეციალისტებისთვისაც კი.

1988 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელშეწყობით დაარსდა ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაცია (პრეზიდენტი _ გივი ღამბაშიძე, ვიცე-პრეზიდენტი შალვა წიწუაშვილი, საპატიო წევრები ანდრია აფაქიძე და როინ მეტრეველი). 1992 წელს საქართველოს მთავრობის ბრძანების საფუძველზე, ამ ასოციაციამ თბილისში აღადგინა ებრაული მუზეუმი. ამ დღიდან იგი დავით ბააზოვის სახელს ატარებს. მუზეუმი ისევ ძველი სინაგოგის შენობაში განთავსდა, რომლის ავარიული მდგომარეობის გამო კოლექციები კვლავ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. 1992-2001 წლებში მუზეუმის დირექტორი გახლდათ დოქტორი შალვა წიწუაშვილი, ხოლო 2001 წლიდან დღემდე მუზეუმს პროფესორი გივი ღამბაშიძე ხელმძღვანელობს. ამ წლების განმავლობაში ბატონი გივი ღამბაშიძის უდიდესმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით "ქართუ ჯგუფი" ახორციელებს ებრაული მუზეუმის შენობის (ძველი სინაგოგის) სრულ რეკონსტრუქციას, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ებრაული მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციის აღდგენა და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება.

ბოლო წლების მანძილზე (2006, 2008, 2010, 2012), საქრთველოს ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა ებრაული კოლექციების ოთხი გამოფენა და სამი კატალოგის პუბლიკაცია. ამ პროექტებისთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექცია მეცნიერულად იქნა შესწავლილი, მოხდა მისი ატრიბუცია, დათარიღება, აგრეთვე ექსპონატების მნიშვნელოვანი ნაწილის კონსერვაცია-რესტავრაცია, ჩარჩოში ჩასმა და საგამოფენოდ გაფორმება.

2006 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, შალომ კობოშვილის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოაწყო მისი პერსონალური გამოფენა (იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქავასლა) და გამოსცა სრული კატალოგი. შალომ კობოშვილი პირველი ებრაელი მხატვარია საქართველოში და თავისი საოცარი ბიოგრაფიის წყალობით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. თავის დროზე მას, ებრაული ტრადიციის თანახმად, მშობლებმა აუკრძალეს მხატვრობის შესწავლა და მხოლოდ 61 წლის ასაკში აიხდინა ბავშვობის ოცნება. 1937 წელს საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დარაჯად დაიწყო მუშაობა და დაიწყო ხატვა. იქ ნანახმა სურათებმა უბიძგა, საკუთარ შემოქმედებაში გამოეხატა თავისი ხალხის ისტორია. მისი მხატვრობაში მოღვაწეობა მხოლოდ სამ წელიწადს გაგრძელდა (გარდაცვალებამდე), მაგრამ ამ მოკლე დროის მანძილზეც მან მოახერხა ქართველ ებრაელთა ყოფის საოცარი დოკუმენტურ-ნარატიული მატიანე შეექმნა.

2008 წელს, საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებიდან 75 წლისთავთან და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომზადდა გამოფენა - “მარადიული ცეცხლი” (იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში), რომელიც მიეძღვნა მთლიანად ებრაული მუზეუმის კოლექციას და ასახავდა ქართველ ებრაელთა კულტურასა და ყოფას. გამოიცა ამ გამოფენის სრული კატალოგი.

2010 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განხორციელა პროექტი ”ქართველი ებრაელები. ისტორია და კულტურა” (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში), რომელიც მიეძღვნა საქართველოში იერუსალიმის ბენ ცვი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ებრაულ ისტორიულ სემინარს. გამოფენასთან დაკავშირებით გამოიცა კატალოგიც. წინა ორი გამოფენისაგან განსხვავებით, ამ უკანასკნელზე გარდა ებრაული მუზეუმის კოლექციისა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული, ქართველ ებრაელთა ისტორიის ამსახველი უძველესი ექსპონატებიც იყო წარმოდგენილი.

2012 წლის ხანუქის დღესასწაულს მიეძღვნა უფრო მცირემასშტაბიანი გამოფენა (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში).

ამ ოთხი პროექტის საშუალებით, მრავალი წლის მანძილზე მივიწყებულმა ექსპონატებმა ახალი სიცოცხლე დაიბრუნა და სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა.

ახალი პროექტის აქტუალურობა განსაზღვრა ფართო საზოგადოების იმ დიდმა ინტერესმა, რომელიც უკვე განხორციელებულმა გამოფენებმა და კატალოგებმა გამოიწვია. სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან საიუბილეო ებრაული გამოფენის ორგანიზების გადაწყვეტილება და თანდართული კატალოგის პუბლიკაცია. გამოფენა ეწყობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალარეაში. მასზე წარმოდგენილია ებრაული კოლექციის 200 ექსპონატი, რომელიც ასევე ასახულია წინამდებარე კატალოგში. აღსანიშნავია, რომ უკვე ცნობილი, გამოფენილი და გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი ექსპონატების გარდა, იქნება პირველად წარმოდგენილი ექსპონატებიც. ალბომი "ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა" იქნება ებრაული კოლექციის ამსახველი ყველაზე სრული კატალოგი. მასში პირველად იქნება წარმოდგენილი ებრაული კულტურის ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევის და ახალი ატრიბუციების შედეგები, რომელიც გაკეთდა ებრაული მუზეუმის კოლექციების შესწავლაზე დაყრდნობით, და შედეგია მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის და იუდაიკის კოლექციების უშუალო გაცნობისა და შესწავლისა ისრაელის, ევროპის, რუსეთისა და უკრაინის სხვადასხვა ებრაული მუზეუმებში. (ლ. წიწუაშვილი "იუდაიზმი XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ხელოვნებაში". საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კოლექციის საფუძველზე).