geo eng

სახელი : როტშილდის ფონდის წარმომადგენელების ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2014

წარმომავლობა : საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პერიოდი : 2014

აღწერა :

მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლების ვიზიტის ძირითადი მიზანია, გაეცნონ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. როტშილდის ფონდმა გამოყო ერთწლიანი გრანტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტისთვის „ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში და ებრაული მუზეუმის რენოვაცია თბილისში", პროექტის ავტორი და კოორდინატორია საქართველო ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორი, ხელოვებათმცოდნეობის დოქტორი ქალბატონი ლელა წიწუაშვილი.

როტშილდის გრანტის ფარგლებში გათვალისწინებულია ებრაული კოლექციების სრული მეცნიერული შესწავლა, ატრიბუცია, დარჩენილი ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაცია, დაჩარჩოება, მოწესრიგება და ფონდებში შესაბამის პირობებში დაცვა, კოლექციების სრული კატალოგიზაცია და ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ლექციათა ციკლის განხორციელება.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ებრაული კოლექციების დიდი ნაწილი იქნა შესწავლილი, რესტავრირებული, აღდგენილი და მოწესრიგებული. კოლექციები მოიცავს ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ძველ სამოსს, ქსოვილებს, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთებს. 2006 წლიდან საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა ებრაული კოლექციების ამსახველი ხუთი დროებითი გამოფენა და გამოსცა ოთხი კატალოგი.