საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენილი იყო გამოფენა სახელწოდებით "ქართველი ებრაელები - მათი ისტორია და კულტურა". გამოფენა ეძღვნებოდა იერუსალიმის ბენ ცვი ებრაული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას "ქართველი ებრაელები - მათი ისტორია და კულტურა".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მცხეთის მუზეუმში დაცული ასზე მეტი ქართველ ებრაელთა უძველესი ისტორიის და კულტურის ამსახველი მატერიალური კულტურის ძეგლები: ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ეროვნული სამოსი, ფოტოები, საკულტო-რელიგიური და სხადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. საქართველოში 1933-1936 წლებში ებრაელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოეწყო ეთნოგრაფიული ექსპედიციები. შეგროვდა უამრავი ჩანახატი, ფოტო, ეროვნული კოსტიუმი, აქსესუარი, ამულეტი, ფოლკლორული მასალა, საკულტო-რელიგიური და სხვა ყოფითი ნივთი. ექსპედიციაში მონაწილე მოწვეული ქართველი მხატვრები ადგილზევე აკეთებდნენ ებრაელთა ტიპაჟებისა და მათი ცხოვრების ამსახველი დეტალების ესკიზებს და შემდეგ უკვე მუზეუმში ჩამოტანილი ნივთების საფუძველზე ქმნიდნენ ებრაული ყოფისა თუ რელიგიურ-რიტუალური შინაარსის სურათებს.