სტელა ებრაული წარწერით. ქვიშაქვა. მცხეთა. სამთავროს სამაროვანი. II-V საუკუნე. ეპიტაფიაში იხსენიება “იოსებ ბარ ხაზან და მისი ძმა შალომ”.
"თუკი ძვ.წ. VI-I საუკუნეების არქეოლოგიურ მასალაში ებრაელთა საქართველოში ყოფნის კვალი ჯერჯერობით არ ჩანს, ქრისტიანული წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებიდან სიტუაცია მკვეთრად იცვლება: ამ დროიდან მოკიდებული უკვე მრავლად გვაქვს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მონაცემები ებრაული მოსახლეობის არსებობის შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ქალაქებში - მცხეთასა და ურბნისში.
მცხეთაში ჯერ კიდევ 1872 წელს, სამთავროს ძველი ნეკროპოლის გათხრების დროს აღმოჩნდა სტელა ებრაული ეპიტაფიით, რომელშიც მოხსენიებულია “მამა იეღუდა, მეტსახელად გურკი” (“გურკ” ძველ-ებრაულად ნიშნავს “ქართველი”). 1938 წელს იმავე სამთავროს სამაროვანზე აღმოჩნდა მეორე ასეთივე ებრაულწარწერიანი სტელა, სადაც მოიხსენებიან “იოსებ ბარ ხაზან და მისი ძმა შალომ”. საფლავის ქვები II-V საუკუნეებით თარიღდება."
იულონ გაგოშიძე