2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა როტშილდის ფონდის მხარდაჭერით რესტავრირებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ებრაული კოლექციების გამოფენა - „გაცოცხლებული ისტორია".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ებრაული კულტურის ამსახველი 100-მდე ექსპონატი. 2014-2015 წლებში, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა როტშილდის ფონდის ფინანსური თანადგომით განახორციელა პროექტი, რომელიც ამ ექსპონატების აღდგენა-კონსერვაციას ითვალისწინებდა. ექსპონატებს შორისაა შალომ კობოშვილისა და დავით გველესიანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ძველი სამოსი, ქსოვილები, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთები და სხვა.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და როტშილდის ფონდს შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან დაიწყო. როტშილდის ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტი პროექტისთვის „ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში" საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია. გრანტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ჩათვლით გაგრძელდება, ასევე გათვალისწინებულია Google Cultural Institute-თან და European Cultural Institute-თან თანამშრომლობა და კოლექციებით ვირტუალური მუზეუმის შექმნა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმებში ებრაული კულტურის ამსახველი მდიდარი კოლექციაა დაცული. ბოლო ათი წლის მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს მათი მეცნიერული შესწავლა, ატრიბუცია, რესტავრაცია-კონსერვაცია, არაერთხელ მოეწყო გამოფენა და გამოიცა ოთხი კატალოგი. 2014 წელს რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გახსნის შემდეგ მუზეუმში წარმოდგენილია ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი.
პროექტის ავტორი და კოორდინატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლელა წიწუაშვილი.