აქანდაზი - ბატილუმი. ბრინჯაო. დედოფლის გორა (შიდა ქართლი). I საუკუნე.
"ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ებრაელები მცხეთისა და ურბნისის გარდა საქართველოში სხვაგანაც ცხოვრობდნენ. ამის მოწმე უნდა იყოს, მაგალითად, დედოფლის გორაზე (ქარელის რაიონი) აღმოჩენილი ბრინჯაოს ორი აქანდაზის მაგვარი ნივთი, ე.წ. ბატილუმი. ანალოგიური ნივთები გავრცელებული იყო I საუკუნის პალესტინაში და იმ ქვეყნებში, სადაც ებრაული დიასპორა არსებობდა (სირია, კართაგენი, რომი). ბატილუმები, როგორც ჩანს, ებრაელთა საოჯახო რელიგიურ რიტუალებში გამოიყენებოდა და, შესაძლებელია, როგორღაც დაკრძალვის რიტუალთანაც ყოფილიყო დაკავშირებული, რაზეც მიგვანიშნებს მათი გამოსახულებების არსებობა ებრაელთა საფლავების ქვებზე ჩრდილო აფრიკაში. საყურადღებოა, რომ მცხეთაში აღმოჩენილ ერთ- ერთ ებრაულწარწერიან საფლავის ქვაზეც, დაკრძალვის ძველ ებრაულ წესთან დაკავშირებულ მინის სანელსაცხებლე ჭურჭელთან ერთად, ბატილუმის მაგვარი ნივთიც არის გამოქანდაკებული. I საუკუნის რკინის ბატილუმი მცხეთაშიც აღმოჩნდა."
იულონ გაგოშიძე