ხანუქის შანდალზე ტრადიციული რელიეფური გამოსახულებაა, შუაში მენორა, რომელიც ორივე მხრიდან ფინიკის პალმებითა და ლომებითაა შემკული, ზევიდან ყურძნის მტევნიანი ვაზის რტოების გვირგვინი ამშვენებს. საინვენტარო წიგნში შანდალი არ იყო დათარიღებული. სტილისტიკიდან და დამახასიათებელი გამოსახულებიდან გამომდინარე, ხანუქია აშკენაზური წარმომავლობისაა (პოლონური ან ლიტვური) და XIX საუკუნით თარიღდება. უძველესი ხანუქიები მაკაბიელთა ეპოქის შემდგომ პერიოდს მიეკუთვნება და წარმოადგენს გამომწვარი თიხის რვაბუდიან სანათურს. მასზე, როგორც წესი, გამოსახული იყო ტაძარი, ან მენორა. ცხრასანთლიანი შანდალი, რომელიც მენორის სასწაულის სიმბოლოა, ერთ-ერთია იმ ორი მთავარი მორთულობისაგან, რომელთა სახეცვლილების მოწმენი ვხდებით ორი ათასი წლის მანძილზე. მეორე თვით ტაძრის გამოსახულებაა, რომელიც ხანუქის დღესასწაულის სახელწოდებას უკავშირდება, ანუ `წმინდა ადგილის კურთხევა~. ამ ორი სიმბოლოს – ცეცხლი და არქიტექტურა - ცვლილებებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ორივე მოტივი უცვლელი რჩებოდა, თუმცა იცვლებოდა ხანუქის ფორმა და სხვადასხვა ეპოქათა, თუ ქვეყნის სტილს ასახავდა. დიასპორაში შექმნილი უძველესი საკულტო საგნები, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა, არაუადრეს მეთორმეტე საუკუნითაა დათარიღებული. უძველესი საგანია ხანუქია, რომელიც მართკუთხა მარმარილოსაგანაა გამოთლილი. ფითილისთვის განკუთვნილი 8 ბუდე რომანული სტილის კოლონადას წარმოქმნის, მათზე აღმართული ფანჯრის ფორმის ჩაღრმავებითაა დაგვირგვინებული. ქვედა ნაწილში ამოკვეთილია ორსტროფიანი ტექსტი ივრითზე თორიდან: “მცნება არს ლამპარი და დარიგება (იგავნი, თავი 6, 23).