geo eng

სახელი : პაროხეტი - სეფერთორის კარადის ფარდა

მასალა : ხავერდის, სატინისა და მიტკლის ქსოვილი, ოქრომკედი

ტექნიკა : ნამაგრი სითვი

წარმომავლობა : აშკენაზური წარმომავლობა

პერიოდი : XIX ს.

აღწერა :

ფარდის ხავერდის პირზე ამოქარგულია ოქრომკედითა და სირმით ლომები, ორთავიანი ფრინველი, ხის ტოტი, ყვითელი ძაფით ფარდაზე დაქარგულია ებრაული წარწერა. სამ გვერდზე ოქრომკედით ნაქსოვი არშია აქვს შემოვლებული თავზე ფარდის ჩამოსაკიდებლად ლითონის ხუთი რგოლი აქვს დაკერებული. ფარდის სარჩული ორგვარი ქსოვილისაა: ცისფერი სატინისა და სალათისფერი მიტკლისა. ფაროხეთი – სეფერთორის კარადის (ე.წ. აღთქმის კიდობანის) ფარდაა, რომელიც გამოყოფს „წმინდა ადგილს“ (ჰა-კოდეშ) „წმინდათა წმინდასაგან“ (კოდეშ-ჰა-კოდაშიმ). ტრადიციულად, დიასპორაში სინაგოგა სამხრეთისკენაა ორიენტირებული, ხოლო მისი შესასვლელი იერუსალიმისაკენ. სალოცავის დარბაზის ცენტრში “თებაა” აღმართული, ხოლო შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს, უკანა კედლის ცენტრში “აჰარონ-ჰა-კოდეში” – წმინდა კარადაა განთავსებული, სადაც სეფერ თორები (თორის გრაგნილები) ინახება. ფაროხეთი თორაშიცაა მოხსენიებული როგორც ფარდული, დამზადებული ლურჯი, იასამნისფერი ან ალისფერი ქსოვილისაგან და მოქარგული ქერუბიმებით ოქროს საკიდებით, ოქროთი მოპირკეთებულ ოთხ სვეტზე დამაგრებული, რომელიც გამოყოფს წმინდა ადგილს წმინდათა წმინდასაგან. სხვა ატრიბუტების მსგავსად, აღთქმის კიდობანის ფარდა, როგორც წესი, საჩუქრად გადაეცემა სინაგოგას, როგორც შემოწირულობა რაიმე მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად და უმეტეს წილად ხელითაა მოქარგული. სხვადასხვა ეპოქებსა და სხვადასხვა ქვეყნების დიასპორებში განსხვავებული სტილის ფაროხეთებს ვხვდებით, მაგრამ, როგორც წესი, ფაროხეთი მზადდება ძვირფასი ქსოვილისაგან (ხავერდი, აბრეშუმი, უფრო იშვიათად სელი, ბამბა) და ოქრომკედით, ვერცხლმკედით და აბრეშუმის ძაფებითაა მოქარგული. საინტერესოა, რომ ჩვენ მუზეუმში დაცული ფაროხეთები ორი განსხვავვებული ტიპის დეკორითაა მორთული, თუმცა სტილისტურად ორივე აშკენაზური წარმომავლობისაა და XIX საუკუნეშია დამზადებული. ევროპულ ტრადიციაში ძალიან გავრცელებული იყო ასეთი ტიპის გამოსახულებანი, გვირგვინი, რომელიც მიუთითებს სეფერთორის გვირგვინზე, ლომებს (იერუსალიმის სიმბოლო) მოსეს ათი მცნება უჭირავთ, არწივებს კიდევ - ერთი გვირგვინი და ქვემოთ მენორა – სინაგოგის სიმბოლო.

ზომა: 144Х124