თვითნასწავლი ებრაელი მხატვარი შალომ კობოშვილი წარმოშობით ახალციხიდან იყო და მისი ნამუშევრების სიუჟეტები ასახავს XIX საუკუნის მიწურულის ახალციხელ ებრაელთა ყოფას და ცხოვრებას. სურათზე „შესალოცად ექიმბაშთან“, ასახულია ამულეტით შელოცვის სცენა. ახალციხელ ებრაელთა შორის სახალხო მკურნალები, ძირითადად, ქალები იყვნენ, თუმცა ზოგჯერ ხახამიც მკურნალობდა. ექიმბაში, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს სთხოვდა ავადმყოფის განკურნებას. მათ ღრმად სწამდათ, რომ ყოველ დაავადებას თავისი ანგელოზი ჰყავდა, ამიტომ მკურნალობას ამ ანგელოზის მიმართ ლოცვით იწყებდნენ. განსაკუთრებულ დაავადებებს უმთავრესად ლოცვებითა და ამულეტებით მკურნალობდნენ. ამულეტებიც შესაბამისი წარწერებით იყო შემკული და სხვადასხვა დამცავი დანიშნულება გააჩნდა. შელოცვილ ამულეტს ექიმბაში ავადმყოფს ატანდა და მას ის გამუდმებით უნდა ეტარებინა. ძალიან ხშირად ამულეტებზე ფიგურირებს სიტყვა „შადაი“ (ღმერთის ერთ-ერთი სახელი), რომელიც ავი თვალისაგან იცავს მის მფლობელს, ამიტომ ამულეტებს ზოგჯერ შადაისაც უწოდებენ. მაგენ დავითის გამოსახულებიანი ამულეტით შეულოცავს ექიმბაში კობოშვილის მიერ შესრულებულ სურათზეც.
ზომა: 26,5X32
შალომ კობოშვილის კატალოგი